გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის გადახდის მეთოდი შესაძლოა შერეული იყოს, ანუ, მგზავრებს შესაძლებლობა მივცეთ, გადაიხადონ როგორც ელექტრონულად, ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით, თუმცა, ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის, - აღნიშნულის შესახებ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის ტრანსპორტისა და გარე რეკლამის რეგულირების განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ განჯელაშვილმა განაცხადა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურში განმარტავენ, რომ მერიამ ტარიფების დადგენისას სოციალური შეღავათები უკვე გაითვალისწინა, რაც საზოგადოების საკმაოდ მოწყვლად კატეგორიას მოიცავს.
„როგორც მოგეხსენებათ, უკვე დადგენილია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი, რაც შეეხება სოციალურ შეღავათებს, ბუნებრივია, მერიამ გაითვალისწინა ქვეყანაში არსებული სოციალური ფონი და შეძლებისდაგვარად შეძლო სოციალური პაკეტის შემუშავება, რომელიც მოიცავს სოციალურად დაუცველებს, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს, მოსწავლეებს, მასწავლებლებს, ომის ვეტერანებს და ა.შ.
რაც შეეხება გაადხდის მეთოდს, მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ, საფასური ელექტრონულად გადაიხადონ, რისთვისაც შესაბამისი მოწყობილობები ახლო მომავალში დამონტაჟდება ავტობუსებში, ასევე, განვიხილავთ გადახდის შერეულ მეთოდსაც ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას, თუმცა ეს საკითხი ჩამოყალიბების პროცესშია“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის ტრანსპორტისა და გარე რეკლამის რეგულირების განყოფილების ხელმძღვანელმა.