კოვიდრეგულაციების შემსუბუქების მეორე ეტაპზე, გორში მუნიციპალური ტრანსპორტი ამუშავდა. 8 თებერვლიდან დღემდე, მგზავრები ქალაქში ავტობუსებით უფასოდ გადაადგილდებიან.
როდიდან მოუწევთ მოქალაქეებს მგზავრობის საფასურის გადახდა და რა ეღირება საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა, ამ კითხვებით GMnews-ი გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის ტრანსპორტისა და გარე რეკლამის რეგულირების განყოფილების ხელმძღვანელს დაუკავშირდა. არჩილ განჯელაშვილი აღნიშნავს, რომ მგზავრობის ტარიფი უკვე დადგენილია და არაოფიციალურად გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მოქალაეებს 80 თეთრის გადახდა მოუწევთ, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.
„გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გარკვეული პერიოდის წინ უკვე დაადგინა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი და ეს 50 თეთრს შეადგენს. ხშირად მესმის თანამოქალაქეებისგან, რომ მგზავრობა 80 თეთრი ეღირება, დამერწმუნეთ, ეს მოსაზრება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. რაც შეეხება იმ საკითხს, თუ როდიდან გახდება ფასიანი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, გეტყვით, რომ ეს დამოკიდებულია ტექნიკურ მხარეზე - თითოეულ ავტობუსში უნდა დამონტაჟდეს გადახდის ელექტონული სისტემები, რისი მეშვეობითაც, მგზავრები საფასურის გადახდას შეძლებენ. აქვე აღვნიშნავ, რომ განიხილება გადახდის შერეული მოდელის ვარიანტიც, ანუ ელექტრონულის გარდა, მგზავრს შესაძლებლობა ექნება, მძღოლთან ნაღდი ანგარიშსწორებით გადაიხადოს, თუმცა, ამ ეტაპზე, დაზუსტებით ვერ გეტყვით, მგზავრობის საფასურის გადახდის რომელი ფორმის შერჩევა მოხდება“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას არჩილ განჯელაშვილმა.