კორონავირუსის პანდემიის შედეგად გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, ფონდ „ქართუს“-თან თანამშრომლობის პორობებში, 2020 წელს შეუფერხებლად წარმართა არქიტექტურული ძეგლების საპროექტო დოკუმენტაციების მომზადების, სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების, ინფრასტრუქტურული მოწყობის, სამეცნიერო კვლევისა და ინვენტარიზაციის პროცესები, - აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
ერთ-ერთი ისტორიული ძეგლი რომლის რეაბილიტაციაც უწყების მიერ გასულ წელს განხორციელდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ მეჯვრისხევში მდებარე, მირმანოზ ერისთავის ციხე-სასახლეა.
GMnews-ის ინფორმაციით, ზემოხსენებული ციხე-კომპლექსი მნიშვნელოვნად იყო დაზიანებული და შემორჩენილი იყო მხოლოდ ნაგებობის ფრაგმენტები.
ცნობისთვის, მირმანოზ ერისთავის ციხე-სასახლის კომპლექსი შედგება ციხე-გალავნისა და სასახლისაგან. ისტორიული ობიექტი აგებულია და მიშენებები გაკეთებული აქვს სხვადასხვა პერიოდში XVII ს-დან XIX ს-მდე. ძეგლს, საბოლოო სახე XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე მირმანოზ ერისთავმა შესძინა.