ოკუპირებულ ახალგორში დაშავებული თამარ გიგაური კვლავ დე ფაქტო რეჟიმის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. სოფელ იკოთის სკოლის პედაგოგი, რომელიც 3 ნოემბერს ოკუპირებულ დაბაში დაშავდა, ახალგორიდან ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გიგაურს მკურნალობა ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში უტარდება, მას ხელის მოტეხილობა და სხეულის მრავლობითი ტრავმული დაზიანებები აღენიშნება.
თამარ გიგაურმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები 7 მ. სიღრმის ჭაში ჩავარდნისას მიიღო. გიგაურის ოჯახის წევრები მესამე დღეა ითხოვენ, რომ დაშავებულს მკურნალობის საშუალება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიეცეს, თუმცა, დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები თავისუფლად გადაადგილებას უზღუდავენ. ოკუპირებული ახალგორის შესასვლელში მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტი თვეზე მეტია ჩაკეტილია.