საზოგადოება
09.03.2021 12:29
პირბადის გამოყენების მაჩვენებელი 75-დან 43 პროცენტზე ჩამოვიდა, რაც საგანგაშოა - ამირან გამყრელიძე
პირბადის მოხმარების მაჩვენებელი 75 პროცენტამდე იყო, სამწუხაროდ გუშინდელი მონაცემებით 43 პროცენტია, რაც საგანგაშოა, - აღნიშნული განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

გამყრელიძის თქმით, თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95 პროცენტამდე ავა, ძალიან ბევრი მონაცემი სერიოზულად გაუმჯობესდება.

„გთხოვთ ყველა ტელევიზიასა და საინფორმაციო საშუალებას, მაქსიმალური დრო დაუთმეთ და ადამიანებს მიაწოდეთ მორბენალი სტრიქონით ან შესაბამისი გზავნილებით ინფორმაცია, რომ პირბადე ერთ-ერთი დაცვის საშუალებაა და განსაკუთრებით ახლა, როდესაც ქვეყანაში შემსუბუქების ეტაპებზე გადავედით, პირბადის ხმარების მაჩვენებელი უნდა გავზარდოთ. თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95 პროცენტამდე ავიყვანეთ, ძალიან ბევრი მონაცემი სერიოზულად გაგვიუმჯობესდება. 43 პროცენტზე ჩამოსვლა არის საგანგაშო, განსაკუთრებით შემსუბუქებების ფონზე“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
კვირის ამბები