საზოგადოება
07.03.2021 11:31
გორში, 13 წლის მოზარდზე სექსუალური ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა - ბრალდებულმა გოგონა გააუპატიურა და ფიზიკური ძალადობა განახორციელა

გორში, 13 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს ბრალი დაუმძიმდა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა მოზარდი გოგონას მიმართ გაუპატიურება და ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

„13 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბრალდებულ ზ.მ.-ს ბრალდება წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურების და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახური ძალადობის მუხლებით დაუმძიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.მ.-მ, 14 წლის ასაკს მიუღწეველი დაზარალებულის მიმართ გაუპატიურება და ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

ზ.მ.-ს ბრალდება 5 მარტს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 4 მაისიდან 2020 წლის 17 მარტამდე მოქმედი რედაქცია) და 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურებას და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახურ ძალადობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა მოუწოდებს მედიას და საზოგადოებას, გაითვალისწინონ საკითხის სენსიტიურობა და არამარტო აღნიშნულ საქმეზე, არამედ ყველა მსგავსი კატეგორიის საქმეზე, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, თავი შეიკავონ დაზარალებულის პერსონალური მონაცემების და საქმის დეტალების გამჟღავნებისგან, ასევე, დაზარალებულთან კომუნიკაციის მცდელობისგან, რათა არ მოხდეს არასრულწლოვანი ძალდობის მსხვერპლის ინტერესების შელახვა და მეორეული ვიქტიმიზაცია", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში მოხდა. GMnews-ის ინფორმაციით, არასრულწლოვანს, რომელთან სქესობრივი კავშირის გამოც მამაკაცი დააკავეს, შვილი შეეძინა და იგი სოციალური სააგენტოს ბავშვთა ზრუნვის სამსახურის მზრუნველობის ქვეშ იმყოფება. ბრალდებული 50 წლამდე ასაკის მამაკაცია.
დაკავებულს ბრალი 5 მარტს წარედგინა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კვირის ამბები