საზოგადოება
05.03.2021 14:38
შსს მინისტრი - 2021 წელს შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში ერთიანი მომსახურების ცენტრები გაიხსნება

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, „მინისტრის საათის“ ფარგლებში, პარლამენტს სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობისა და სამოვლო გეგმების შესახებ  ანგარიში წარუდგინა.  

როგორც შსს მინისტრმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, 2021 წელს შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში ერთიანი მომსახურების ცენტრები გაიხსნება.

„2020 წელს გაიხსნა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ერთიანი მომსახურების ცენტრი. ქვეყნის მასშტაბით გაფართოვდა ფარული პატრულირების სამოქმედო არეალი და მოიცვა თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ასევე იმერეთის რეგიონზეც ვრცელდება უკვე. 2021 წელს შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში ერთიანი მომსახურების ცენტრები გაიხსნება. ახალი ცენტრების საშუალებით მოსახლეობა 50-მდე საპოლიციო სერვისს „ერთი სარკმლის“ პრინციპით მიიღებს“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაურმა, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების დამსახურებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტრო აქტიურად განაგრძობს ზრუნვას საპატრულო პოლიციის თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარებაზე. მინისტრის თქმით, განახლდა საპატრულო პოლიციის ავტოპარკი და ეკიპაჟების სპეციალური აღჭურვილობა.

კვირის ამბები