საზოგადოება
05.03.2021 13:19
2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაული 12%-ით შემცირდა - ვახტანგ გომელაური

პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, სამინისტრო აგრძელებს ეფექტიან მუშაობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, - აღნიშნული განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაული 12%-ით შემცირდა. მინისტრის თქმით, სამინისტროს მიერ კრიმინალის წინააღმდეგ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია და კონკრეტულ ციფრები რეგისტრირებული დანაშაულის შესახებ სამინისტროს ვებგვერდზე ყოველთვიურად ქვეყნდება.

„სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, ქვეყანაში, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაული შემცირდა 12%-ით. შემცირდა ისეთი კატეგორიის დანაშაულები, როგორიც არის: მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა, ქურდობა, მათ შორის, შემცირებულია ბინების გაქურდვის ფაქტებიც. თუმცა, გაიზარდა კიბერდანაშაული, რაც გლობალური გამოწვევაა და ინტერნეტ რესურსების გაზრდილი გამოყენებით არის განპირობებული. ასევე, მომატებულია ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პოლიციისადმი მიმართვიანობა. ასევე მომატებულია მკვლელობა 9 ფაქტით.“- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რჩება გარკვეული გამოწვევები, რომელთა გადასაჭრელადაც სამინისტროში მიმდინარეობს და დაგეგმილია არაერთი რეფორმა.

კვირის ამბები