საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა 8 მარტს დაიწყება, -აღნიშნულის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
დღეიდან კი, ინფექციური საავადმყოფოს მკვლევარები, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იმ პაციენტებს დაურეკავენ, რომლებიც როგორც ბინაზე, ასევე, კოვიდკლინიკებში მკურნალობდნენ და მათი მონაცემები ერთიან ბაზაშია.
„კვლევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ტარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ყველა იმ პირის სია, რომლებმაც კოვიდი ბოლო ორი თვის განმავლობაში თბილისში გადაიტანეს. ამ სიიდან, დღეიდან, შემთხვევითი შერჩევითი პრინციპით, კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, ჩვენი მკვლევარი მოქალაქეს დაუკავშირდება და კლინიკაში კვლევაში ჩასართავად მოიწვევს. ჩვენ მოვიწვევთ ყველა კოვიდგადატანილ პაციენტს. კვლევის ერთ-ერთი ამოცანაა, რომ დავადგინოთ პოსტკოვიდური სინდრომი რამდენ პროცენტს აღმოაჩნდება, რამდენს არა. რამდენი იქნება ქალი და რამდენი კაცი, როგორი იქნება ასაკობრივი განაწილება. ვის აღმოაჩნდება უფრო ხშირად, ის, ვინც ჰოსპიტალში იყო და გადაიტანა თუ ის, ვინც ბინაზე იყო და იქ გადაიტანა. პაციენტებს უკვე ორშაბათიდან, 8 მარტიდან მივიღებთ“,- აღნიშნა ცერცვაძემ.
რაც შეეხება კვლევაში ჩასართავი პაციენტების რიცხვს, მონაცემების სარწმუნოობისთვის 500-მდე პაციენტის გამოკვლევა იგეგმება. კვლევის პროცესი კი, 3-4 თვე გაგრძელდება.
ცერცვაძის თქმით, შედეგად დაიდება რეკომენდაციები თუ როგორ უნდა მოიქცნენ პაციენტები კოვიდის შემდგომი ჩივილების (თავის ან გულის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება და ა.შ.) დროს და რა სამედიცინო სერვესები და სავალდებულო გამოკვლევები სჭირდებათ.