გორელი მორაგბეები ახალი ეკიპირებით იასპარეზებენ. შესაბამისი ფორმები სპორტსმენებს გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და მერის მოადგილემ პაატა ივანიშვილმა გადასცეს. როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, გორში რაგბის განვითარების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე, კლუბ ,,გორის“ შემადგენლობაში მყოფი, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის 2004 - 2005 წლებში დაბადებული სპორტსმენები, საქართველოს ჩემპიონატის ჭაბუკთა ,,ბ“ ლიგაში წარმატებით ასპარეზობენ.
,,მორაგბეებს ახალი ფორმები გადავეცით. სასიამოვნოა, რომ გორში რაგბის განვითარების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ზოგადად, რაგბი საქართველოში მეტად პოპულარული და წარმატებულია, ამიტომ, გვინდა გორშიც ასეთივე დონეზე იყო განვითარებული სპორტის ეს სახეობა. ამისთვის კი, მათ ყველანაირად ხელს შევუწყობთ და იმედი მაქვს, ბევრ წარმატებებს მიაღწევენ. მიხარია, რომ ბოლო პერიოდში მოთხოვნა გაიზარდა და უკვე საკმაოდ ბევრი ბავშვი ვარჯიშობს რაგბის სექციაში“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.