კონფლიქტები
05.03.2021 11:51
ვაპირებთ, დავაყენოთ უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის უპირობო გათავისუფლების საკითხი - ირაკლი ანთაძე

ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში ერგნეთში რიგით 98-ე შეხვედრა მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, განსახილველ საკითხებს შორის პრიორიტეტულია უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების უპირობოდ გათავისუფლება.

„შეხვედრის მთავარ საკითხს წარმოადგენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლება, ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უკანონო, ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს. ჩვენ ვაპირებთ, კიდევ ერთხელ დავსვათ უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის უპირობო გათავისუფლების საკითხი, როგორც მოგეხსნებათ, აღნიშნული საკითხი გაჟღერებულია სხვადასხვა მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმებზე, გვაქვს ჩვენი პარტნიორების სრული მხარდაჭერა, შესაბამისად, დღევანდელ შეხვედრაზეც აღნიშნული საკითხი იქნება პრიორიტეტული.  შეხვედრაზე დასმულ საკითებს შორის ასევე შედის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული უკანონი წვრთნები“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ინციდენტების პრევენციის ფორმატში 97-ე შეხვედრა სექტემბერში გაიმართა, ნოემბერში ჩანიშნული მოლაპარაკება კი პანდემიის გამო არ შედგა.

კვირის ამბები