შევეცდებით, ჩვენს ე.წ. ოპონენტებს შევთავაზოთ ყველა ის სერვისი და პროცედურა, რასაც ჩვენ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ვთავაზობთ ჩვენს მოქალაქეებს პანდემიის პირობებში, - ამის შესახებ, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე შერიგებისა და სამოქალაქი თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ზვიად ზვიადაძემ განაცხადა.
„საკმაოდ დიდი რაოდენობაა დაგროვილი განსახილველი საკითხების. გარდა იმ საკითხებისა, რომელთა დაყენებასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აპირებს, საუბარი გვექნება იმ ჰუმანიტარულ თემებსა და საჭიროებებზე, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს განსაკუთრებით გაუჩნდათ პანდემიის პირობებში. დღეს კიდევ ერთხელ შევეცდებით, ჩვენს ე.წ. ოპონენტებს შევთავაზოთ ყველა ის სერვისი და პროცედურა, რასაც ჩვენ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ვთავაზობთ ჩვენს მოქალაქეებს პანდემიის პირობებში და რა ღონისძიებებსაც ვახორციელებთ. იმედი გვაქვს, რომ ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ადამიანებს მიეცემათ კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფლად გადმოსვლის შესაძლებლობა და იმ სამედიცინო სერვისებზე წვდომა, რომელსაც ჩვენ ჩვენს მოსახლეობას ვაწვდით“, - განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.
ინციდენტების პრევენციის ფორმატში შეხვედრა გასული წლის სექტემბრის შემდეგ არ გამართულა.