გორის მუნიციპალიტეტში, ყველა საბავშვო ბაღმა სასწავლო პროცესი 1-ელ მარტს განაახლა, თუმცა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლამდელი აღზრის 5 დაწესებულებაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ბავშვების მიღება ვერ მოხერხდა.
გორის N9, N14, კარალეთის N1, ბნავისისა და გარეჯვრის საბავშვო ბაღები, მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღსაზრდელთა მიღებას ვერ შეძლებენ, თუმცა, ამ სასწავლო დროის განმავლობაში, ბავშვებზე საკვები პროდუქტების გაცემა არ იგეგმება.
„მოგეხსენებათ, იანვარი-თებერვლის პერიოდში, საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების შეძენა და შესაბამისად, გაცემა ვერ მოხერხდა, თუმცა, შესაბამის შესყიდვაზე ტენდერი მეორედ გამოვაცხადეთ და მინდა გითხრათ, რომ აღნიშნულ პერიოდზე გათვლილი საკვები პროდუქტები გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში დღეს გაიცემა. ეს ეხება ყველა საჯარო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას.
აქვე განვმარტავ, რომ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მუნიციპალიტეტის 5 საბავშვო ბაღში (გორის N9, N14, კარალეთის N1, ბნავისისა და გარეჯვრის საბავშვო ბაღები) სასწავლო პროცესი ვერ განახლდა, ამ ბაღებში, მარტისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტების გაცემა არ არის დაგეგმილი. გეტყვით იმასაც, რომ აღნიშნულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სარაბილიტაციო სამუშაოები შეძლებისდაგვარად მალე დასრულდება და ბავშვები შეძლებენ სასწავლო პროცესში ჩართვას“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლია კოვზიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კოვიდპანდემიის გამო ბაღებში შეჩერებული სწავლის პარალელურად, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ, აღსაზრდელებზე გათვლილ საკვები პროდუქტები ეტაპობრივად გასცა, მათ შორის, ბოლო ეტაპის გაცემა დღეს მიმდინარეობს.