საზოგადოება
04.03.2021 11:42
ეპიდვითარება თუ გაუარესდება იძულებული გავხდებით, გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ ამიტომ საჭიროა ელემენტარული მოთხოვნები დავიცვათ - პრემიერი

მიუხედავად კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის კლებისა, ვირუსის პრევენციისთვის პირბადის ტარება აუცილებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, თუ ეპიდვითარება გაუარესდება, მთავრობა იძულებული გახდება შეზღუდვები ისევ დააწესოს.

„ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ, რომ შემცირებულია კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა, მიუხედავად ამისა, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო საზოგადოებას, რომ პირბადის ტარება და შესაბამისად, მთავრობის მხრიდან ამის კონტროლი არის აუცილებელი ღონისძიება და პრევენცია. კიდევ ერთხელ მივმართავ მოსახლეობას, რომ პირბადის ტარება აუცილებელია და ამ მიმართულებით ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ.

მოგეხსენებათ, შევამსუბუქეთ გარკვეული შეზღუდვები, ყველა ეს ღონისძიება ემსახურებოდა იმას, რომ ეკონომიკა მაქსიმალურად სწრაფად აღდგეს და გაიხსნას. მეორეს მხრივ, უნდა გვახსოვდეს, რომ რა თქმა უნდა, თუ გაუარესდება ვითარება ჩვენ ისევ გავხდებით იძულებული, რომ გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ. სწორედ ამის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა, დავიცვათ ეს ელემენტარული მოთხოვნები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კვირის ამბები