აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდა. პროექტის ფარგლებში, ფასდაკლების ბარათების მიღება დისტანციურად უკვე შესაძლებელია.
როგორც GMnews-სთვის ცნობილია, აგროდიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ის ფიზიკური და იურიდიულ პირები, რომელთაც გააჩნიათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (გარდა საძოვარისა), ან, რომლებიც მოახდენენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას და დაზუსტებას.
პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15,000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა.
პროგრამის ბენეფიციარი ვებგვერდზე https://my.mepa. gov. ge რეგისტრაციის შემდეგ მიიღებს ელექტრონულ ბარათს, რომლის წარდგენის შემდეგ, „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ ბენზინგასამართ სადგურზე აგროდიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებს.
ფერმერებს აგროდიზელის ფასდაკლების ბარათების მიღება, ასევე, შეეძლებათ სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებში. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზზეც - 1501
როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, პროგრამა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანია ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ შორის გაფორმებული მემურანდუმის საფუძველზე ხორციელდება და მასზე საბიუჯეტო სახსრები არ იხარჯება.