გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო აღსაზრდელებზე საკვები პროდუქტების გაცემას დღეიდან დაიწყებს, - აღნიშნულის შესახებ GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლია კოვზიაშვილმა განუცხადა.
ლია კოვზიაშვილის თქმით, წინა ეტაპის მსგავსად, პროდუქტები ამჯერადაც ყველა აღსაზრდელზე გაიცემა, განურჩევლად სოციალური სტატუსისა. იმ შემთხვევაში, თუ მშობელი გარკვეული მიზეზების გამო პროდუქტის გატანას დღეს ვერ ახერხებს, საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია უნდა ჩააყენოს საქმის კურსში და კუთვნილი პროდუქტის წაღება ხვალაც შეეძლება.
შეგახსენებთ, რომ ამჯერად, მშობლები იანვრის და თებერვლის სასწავლო პერიოდის განმავლობაში გათვლილი პროდუქტების აღებას შეძლებენ. GMnews-ის ინფორმაციით, პროდუქტების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერი ერთხელ ჩავარდა და სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს შესაბამისი პროცედურების ჩატარება განმეორებით მოუხდა, სწორედ ამ მიზეზით საკვები პროდუქტების გაცემა გარკვეული დროით შეფერხდა.
„გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო, მუნიციპალური ბაღების აღსაზრდელებეზე საკვები პროდუქტების გაცემას დღეს განახორციელებს. მშობლებს საბავშვო ბაღის თანამშრომლები დაუკავშირდებიან და კონკრეტულ დროზე შეუთანხმდებიან, ამასთან, პროდუქტების გაცემის პროცესი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სოციალური დისტანციის დაცვით განხორციელდება, მშობლებმა ბაღში მისვლისას აუცილებლად უნდა იქონიონ პირბადე და საწერი კალამი.
კიდევ ერთხელ გავმეორდები და გეტყვით, რომ პროდუქტები ამჯერადაც ყველა აღსაზრდელზე - 6000-მდე ბავშვზე - გაიცემა, განურჩევლად სოციალური სტატუსისა“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღანელმა ლია კოვზიაშვილმა.
შეგახსენებთ, კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების გამო ქვეყანაში მოქმედი ყველა მუნიციპალური და კერძო ბაგა-ბაღი 9 ნოემბერს დაიხურა, ხოლო შეჩერებული სასწავლო პროცესი საბავშვო ბაღებში 1-ელ მარტს განახლდა.