04.11.2019 15:36
სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები გაორმაგდება
სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები მკაცრდება, აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტშია მითითებული. დოკუმენტის თანახმად, სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები გაორმაგდება.
უწყებას საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებული აქვს, რომელიც ჯერ მთავრობას, შემდეგ კი, პარლამენტს წარედგინება.
ცვლილებების მიხედვით, ასევე მოხდება ე.წ. ჭკვიან კამერებზე ქულათა სისტემის მიბმაც და თუკი მძღოლი სიჩქარეს გადააჭარბებს, გაზრდილ ჯარიმასთან ერთად, ავტომანქანის მფლობელს მართვის მოწმობაზე შესაბამისი ქულებიც დააკლდება.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, სიჩქარის გადაჭარბებაზე შემდეგი სანქციები მოქმედებს:
სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არა უმეტეს 40 კმ/სთ-სა, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, -10 ქულა;
სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით - გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, -20 ქულა;
თუკი აღნიშნულ სამართალდარღვევას მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, -30 ქულა. ხოლო, თუკი იგივე სამართალდარღვევას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, -40 ქულა;