შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნულმა მამუკა საღარეიშვილმა ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლებს უმასპინძლა, სადაც მხარეებმა, მუნიციპალური ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის მშენებლობის პროცესი და მიღწეული შედეგები განიხილეს.
GMnews-ის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, ისაუბრეს სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით განხორციელებულ საქმიანობაზეც. მათ შორის, მუნიციპალიტეტში ჩატარებული ახალგაზრდების საჭიროებების კვლევაზეც, რაზე დაფუძნებითაც ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის განახლება მოხდება მუნიციპალური ახალგაზრდული საქმიანობის შეფასების ესტონური მოდელით.
,,ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ვიმსჯელეთ ახალგაზრდების საჭიროებებზე, იმ პროექტების შესახებ რომელსაც სააგენტო ჩვენს რეგიონში ახორციელებს. სააგენტოს ხელშეწყობით სოფელ ქორდს მალე ახალგაზრდული სივრცე ექნება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივების ჩართულობასა და მათი მხრიდან ახალი იდეების ინიცირებას. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო გავაღრმავებთ თანამშრომლობას და ერთობლივად განვახორციელებთ საჭირო პროექტებს,“ - აღნიშნა მამუკა საღარეიშვილმა.