საზოგადოება
01.03.2021 18:36
ახალბაღის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერის ღირებულება 2 მლნ. ლარით გაიზარდა. გაეცანით, რას ითვალისწინებს თითქმის 10 მილიონიანი პროექტი

გორის კულტურისა და დასვენების პარკის - ახალბაღის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერის ღირებულება თითქმის 2 მილიონი ლარით გაიზარდა. აღნიშნულის გარდა, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა.

სატენდერო დოკუმენტში შევიდა შემდეგი ცვლილებები: სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 7 863 026 00 ლარი გაიზარდა 1 974 351 24 ლარით და გახდა 9 837 377 24 ლარი; სამუშაოების ხანგრძლივობა განისაზღვრა სამუშაოების დაწყებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადით (9 თვის ნაცვლად); სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადა 15 მარტამდეა.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ,,ახალბაღის პარკის რეაბილიტაცია ქალაქ გორში" ითვალისწინებს პარკის სრულ რეაბილიტაციას და ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყობას (შესასვლელი კოლონადის რეაბილიტაციას, შადრევნების რეაბილიტაციას, გარე ღობის რეაბილიტაციას, ადმინისტრაციული და სასაწყობე შენობის რეაბილიტაციას, პავილიონი #1 - ის (ყოფილი კაფე – ,,ოდესა‘‘) რეაბილიტაციას, პავილიონი #2 - ის (ყოფილი ტირი) რეაბილიტაციას, არსებული საპირფარეშოს ნაგებობის რეაბილიტაციას, საბავშვო აქტივობისა და სპორტული აქტივობის ბაქნების მოწყობას, დასასვენებელი ბაქნებისა და მათზე მდგომი ფანჩატურების მოწყობას, ამფითეატრის რეაბილიტაციას, არსებული ავტოდრომის რეაბილიტაციას, ზოოპარკის სავალი ნაწილებისა და ღობის მოწყობას, არსებული ბიუსტისა და ქანდაკების რეაბილიტაციას, ხელოვნურ ტბაზე არსებული ნაგებობების რეაბილიტაციას, ხელოვნური ტბის მკვებავი არხისა და ნაპირსამაგრი ფილების რეაბილიტაციას, არსებული სპორტულ-სატრენაჟორო მოედნის რეაბილიტაციას, ასევე ახალი საფეხმავლო დამაკავშირებელი ბილიკების მოწყობას) პროექტი ასევე გულისხმობს აღნიშნული ტერიტორიიის საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობას (ელექტრო სისტემა, სანიაღვრე სისტემა და წყალკანალიზაცია), ასევე გარე განათებას, საპარკე სკამებისა და ნაგვის ურნების განთავსებას, სათამაშო და სპორტულ ბაქნებზე შესაბამისი ფურნიტურის განთავსებას. განსაზღვრულია სარეაბილიტაციო პავოლიონებისათვის #1 და #2 - ის უზრუნველყოფა ვენტილაციის, გათბობა-გაგრილების, ელექტრო და წყალმომარაგება-კანალიზაციის სისტემებით. პროექტი ასევე ითვალისწინებს ახალი ველობილიკისა და ტერიტორიაზე სამანქანე შემოსასვლელის – ბოლარდის (პარკინგის ბარიერი) მოწყობას.

კვირის ამბები