განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება და 14 მარტს დასრულდება. მანამდე კი, მოსწავლეები და პედაგოგები 3 მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით გამოცხადებულ უქმე დღესაც დაისვენებენ.
„საჯარო სკოლებში არდადეგებისა და დასვენების დღეები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში, შესაბამისი კანონით წინასწარ არის განსაზღვრული. 2020-2021 სასწავლო წელს, ამ არდადეგების დაწყება-დასრულების თარიღი 8-12 მარტს არის დადგენილი. ასე რომ, საჯარო სკოლებში სწავლა 15 მარტს განახლდება. რაც შეეხება კერძო სკოლებს, იქ სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღს თავად განსაზღვრავენ,“ - აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
ცნობისთვის, 2020-2021 სასწავლო წელს, სწავლის ხანგრძლივობა 172 დღეს მოიცავს. I სემესტრი - 74 სასწავლო დღეს, ხოლო II სემესტრი 98 სასწავლო დღეს შეადგენს. I კლასი სასწავლო წელს 07 ივნისს დაასრულებს, XII კლასი - 20 მაისს, დანარჩენი კლასების მოსწავლეებისთვის კი, საზაფხულო არდადეგები 15 ივნისს დაიწყება.