ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა.
საოკუპაციო ხაზთან მიშელთან ერთად იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ საკუთარი თვალით მენახა ადგილზე არსებული სიტუაცია. სწორედ ამიტომ ვარ აქ. თქვენ იცით, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. ასევე ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ საკითხში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტად შეინარჩუნონ სტაბილური ვითარება ადგილზე. ჩვენ ვიცით, რომ ვითარება არის საკმაოდ კომპლექსური და რთული ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივებს ვუთხრა, რომ თქვენ მარტო არ ხართ, ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის", - აღნიშნა შარლ მიშელმა.
შარლ მიშელი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს ხელისუფლებასთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრები.