ქვეყანაში დიდი კამათი მიდის, როდის იქნება ასაცრელი მასალა, ვაქცინაცია გადაწყვეტს თუ არა ამ პრობლემას, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - კოვიდი მოვიდა და არსად წავა, მხოლოდ ვაქცინაცია პრობლემას ვერ გადაჭრის, - აღნიშნული განცხადება „გორმედის“ რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღანელმა ტატო ქაჯაიამ გააკეთა.
ტატო ქაჯაია ვირუსისგან დაცვის მთავარ მექანიზმად დადგენილი რეკომენდაციების დაცვას ასახელებს.
„დამერწმუნეთ, ძალიან დიდხანს მოგვიწევს კოვიდთან თანაცხოვრება, ისევე როგორც ვცხოვრობთ წითელასთან, ყბა-ყურასთან და სხვა ინფექციურ დაავადებებთან. დაგვემართება თუ არ დაგვემართება, ამას ვერც ჯანდაცვის სამინისტრო და ვერც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ვერ გადაგვიწყვეტს. დამერწმუნეთ, თითოეული ჩვენგანის ხელშია კოვიდის მართვა.
მთავარი რეკომენდაცია იმ რეგულაციების დაცვაა, რაც დადგენილია - პირბადე, დისტანცია და პირადი ჰიგიენა. ჩამოთვლილი რეგულაციების ზედმიწევნით შესრულება ნიშნავს, რომ მოსახლეობის ნაწილს კოვიდი არ შეხვდება, მაგრამ ამ ნორმების შეუსრულებლობა ნიშნავს, რომ ვერავინ ვერსად დავიმალებით. მერწმუნეთ, ეს დაავადება დედამიწაზე ძალიან დიდხანს დარჩება, შემიძლია გითხრათ, რომ ვირუსი მინიმუმ 100 წელი არსად წავა. ის უკვე ცხოვრობს ჩვენთან და დიდხანს იპარაზიტებს“, - განაცხადა ,,გორმედის“ რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ტატო ქაჯაიამ.