ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაცია დაიწყო. დაინტერესებულმა პირებს, რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: online.naec.ge უკვე შეუძლიათ. აღნიშნული პროცესი 31 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
GMnews-ის ინფორმაციით, რეგისტრაცია წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა პირველ, ძირითად ეტაპზე შეეძლებათ. 31 მარტის შემდეგ, აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, მაგრამ 15 აპრილის 18:00 საათამდე შეძლებს საგნის დამატებას, წაშლას ან გამოცდის ენის შეცვლას. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის საშუალება კი აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნება.
„რეგისტრაციის გავლამდე დეტალური ინფორმაციის მისაღებად აბიტურიენტები უნდა გაეცნონ მათთვის განკუთვნილ ცნობარს. ცნობარი არის აბიტურიენტის გზამკვლევი მთელი საგამოცდო პერიოდის განმავლობაში. გასათვალისწინებელია, რომ სისტემა არ მისცემს გამოცდებში მონაწილეს რეგისტრაციის დასრულების საშუალებას თანხის გადახდის გარეშე. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთი გამოცდისათვის) 10 ლარია. თუ აბიტურიენტი რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ცენტრს განცხადებით 31 მარტის 18:00 საათამდე მომართავს, მას თანხა უკან დაუბრუნდება“, - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
აბიტურიენტებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ - „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 15 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).