კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მორიგ ეტაპზე, დღეიდან, 1-ლი მარტიდან, ფუნქციონირება განაახლეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა (როგორც საჯარო, ისე კერძო საბავშვო ბაღებმა) 2 კვირაში ერთხელ, თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით;
დღეიდან განაახლებენ მუშაობას მუზეუმები და ბიბლიოთეკები;
ასევე, დღეიდან განახლდება კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით;
დღეიდან განახლდა უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობა და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარება, სასწავლო პროცესი კი აუდიტორიებში 15 მარტიდან აღდგება;
ასევე, 1-ლი მარტიდან რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ ბათუმში, ხოლო დანარჩენ საქართველოში - 8 მარტიდან, თუმცა, მთელი საქართველოს მასშტაბით, შეზღუდვა ძალაში რჩება შაბათ-კვირას;
სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას განაახლებენ 15 მარტიდან განსაზღვრული რეგულაციების დაცვით;
სასკოლო წრეები ასევე განახლდება 15 მარტიდან;
თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განახლებას შეძლებენ 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1 აპრილიდან;
არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ 8 მარტიდან;
შეგახსენებთ, ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.