საზოგადოება
26.02.2021 13:32
28 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება

1-ლი მარტიდან, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აკრძალულია. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

GMnews-ის ინფორმაციით, ზემოხსენებული უწყების თანამშრომლები კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით გაამკაცრებენ. კანონდამრღვევებს კი, გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის, ფინანსურთან ერთად, შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დაეკისროთ.

„აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, პირს შესაბამისი საჯარიმო სანქციის გადახდა მოუწევს. რიგ შემთხვევებში, მოხდება მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია; ასევე, შესაძლებელია, პირს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვას. ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი განიხილება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ნადირობის მოყვარულებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან კანონი და დაწესებული ვადები. ნადირობის სეზონი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები