გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთის საჯარო სკოლას დღეიდან მანდატური ეყოლება. ქვეყნის მასშტაბით, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური საქართველოს რეგიონების 15 ახალ საჯარო სკოლაში დღეიდან შევიდა.
„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის შესაბამისი დადგენილების მიხედვით, მანდატურის სამსახური იმ საჯარო სკოლებში იყო წარმოდგენილი, სადაც აღსაზრდელთა რაოდენობა 300-ს აღემატებოდა, თუმცა, მოზარდების უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესების მიზნით, სამინისტრომ აღნიშნული მაჩვენებლი 200-მდე დაწია და შესაბამისად, მანდატურის სამსახურმა შესვლა დაიწყო იმ სკოლებშიც, რომლებშიც 200-ზე მეტი მოსწავლეა. უკვე გვყავს მანდატური ასეთი კონტიგენტის სამ სკოლაში - ხიდისთავის, ტირძნისის და შინდისის საჯარო სკოლებში, დღეს დაგვემატა სვენეთის საჯრო სკოლაც. ამავე დროს გეტყვით, რომ უკვე გადიან გადამზადებას მანდატურები ახალდაბის, გარეჯვრის, ქვეშის და პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლებისთვის და აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც მალე გამოჩნდებიან“, - ამბობს GMnews-თან საუბრისას გორის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი.
ამ ეტაპზე, მანდატურის სამსახური, საქართველოს მასშტაბით, 575 საჯარო სკოლაშია წარმოდგენილი. მიმდინარე წლის ბოლომდე კი, მანდატურები კიდევ 13 საჯარო სკოლაში გამოჩნდებიან. რაც შეეხება მომავალ წელს, მანდატურის სამსახურის მომსახურებით, დამატებით, 130 საჯარო სკოლა ისარგებლებს.