სამთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს, მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე მოძრაობას 27 თებერვლიდან დაიწყებენ, - შესაბამის განცხადებას საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაცია ავრცელებს.
კომპანია მოძრაობას შემდეგ რეისებზე აღადგენს:
თბილისი-ბათუმი-თბილისი;
თბილისი-ზუგდიდი-თბილისი;
თბილისი-ოზურგეთი-თბილისი;
თბილისი-ფოთი-თბილისი;
თბილისი-ქუთაისი-თბილისი.
ბილეთების ონლაინგაყიდვა დღეიდან დაიწყება, ხვალიდან კი, რკინიგზის სალაროები გაიხსნება.
მატარებლების განახლებული განრიგის შესახებ დეტალურ მონაცემებს საქართველოს რკინიგზა უახლოეს საათებში საკუთარ ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელში განათავსებს.
გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მგზავრები არ გამოცხადდნენ რკინიზგის სადგურზე.
რესპირატორული სიმპტომების დადასტურების შემთხვევაში მგზავრები არ დაიშვებიან მატარებელში, ასევე, ტრანსპორტში არ დაიშვებიან მოქალაქეები პირბადის გარეშე. ამასთან, მგზავრობის პერიოდში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება. საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს.