გორის N9, N14, კარალეთის N1, ბნავისისა და გარეჯვრის საბავშვო ბაღებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სასწავლო პროცესი მომავალი კვირიდან არ განახლდება, - შესაბამის განცხადებას გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოში განმარტავენ, რომ ჩამოთვლილ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დაგეგმილი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად განახლდება.
„გორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებსა და სასკოლო მზაობის ცენტრში სასწავლო პროცესი 1-ელ მარტს განახლდება. გამონაკლისია გორის N9, N14, კარალეთის N1, ბნავისისა და გარეჯვრის საბავშვო ბაღები, რომლებიც, მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, სასწავლო პროცესს 1-ელ მარტს ვერ აღადგენენ. ზემოთ ჩამოთვლილ ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით“, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით როგორც საჯარო, ასევე კერძო საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 1-ლი მარტიდან განახლდება.