შსს-ს მომსახურების სააგენტო მოუწოდებს იმ მესაკუთრეებს, რომელთა ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ძველი სანომრე ნიშანი აქვთ, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს სანომრე ნიშნის შესაცვლელად დროულად მიმართონ.
უწყების ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით მიმოქცევაში დარჩენილია დიდი რაოდენობის ძველი ნიმუშის სანომრე ნიშანი, ამიტომ, რიგების თავიდან ასაცილებლად, სააგენტო მოუწოდებს შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს, მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს დროულად მიმართონ.
„აღსანიშნავია, რომ დღეიდან ძველი სარეგისტრაციო ნიშნის მქონე სახელმწიფო ნომრების ახლით შეცვლისას, სავალდებულო აღარ არის სატრანსპორტო საშუალების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში მოყვანა და დათვალიერება, იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებული პირის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარას ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავას ნომერი ან მოცულობა და ა.შ) არ არის შეცვლილი. გარდა ამისა, დღეიდან მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (SAGENCY) საშუალებით, მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრე ფიზიკურ პირს შეუძლია დისტანციურად მოითხოვოს ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის შეცვლა ახლით, იმ შემთხვევაში თუ მის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარას ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავას ნომერი ან მოცულობა და ა.შ) არ არის შეცვლილი.
დისტანციურად შეცვლილი ახალი ნიმუშის სანომრე ნიშნის მიღება შესაძლებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეკვეთისას მითითებულ სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში, “ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშანს იურიდიული ძალა 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით უნარჩუნდება.
მომსახურების სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით, თანმხლები პირების გარეშე.