სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში სკვერი მოეწყობა - აღნიშნული გადაწყვეტილება, ერგნეთში მაცხოვრებლებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. მოსახლეობასთან შესახვედრად, ერგნეთში, გორის მუნიციპალიტეტის მერი იმყოფებოდა. კონსტანტინე თავზარაშვილი სოფელში არსებულ მდგომარეობას გაეცნო და პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
ცნობისთვის, მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის, 2021 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 1 596 000 ლარია გამოყოფილი. საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტებია: სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.), სარწყავი სისტემები, სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი სამუშაოები, გზები და გზისპირა მოსაცდელები, ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები, გარე განათება, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი, ამბულატორიის შენობები, სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი, სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით, წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი, მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა.
როგორც GMnews-ისთვის ცნობილია, საერთო კრებები და საკონსულტაციო ღონისძიებები გორის მუნიციპალიტეტის 115 დასახლებაში ჩატარდება.