70-იანი წლების შემდეგ პირველად, გერმანიამ კოორდინირებული შრომითი მიგრაციული პროგრამა დაიწყო. პროგრამაში მონაწილეთა რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო და საქართველოსა და გერმანიას შორის შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში დროებით დასაქმების საშუალებას აძლევს. შრომითი სქემა ითვალისწინებს სეზონურ, მაქსიმუმ, სამი თვის ვადით დასაქმებას სოფლის მეურნეობის სექტორში.
,,დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს" ინფორმაციით, სააპლიკაციო ფორმა გერმანიაში დროებითი დასაქმების მსურველმა 65 821-მა პირმა შეავსო. სამუშაოები გერმანიაში 1-ლი აპრილიდან იწყება.
,,დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს" დირექტორის, ნინო ველთაურის ინფორმაციით, გერმანული მხარის პოზიციით, სავსებით შესაძლებელია მომავალ წელს დამსაქმებლებმა ის მოქალაქეები მოითხოვონ, რომლებიც კეთილსინდისიერად იშრომებენ.
იმ შემთხვევაში, თუ გერმანიაში დროებით დასაქმებული პირი სამთვიანი ვიზის დარღვევას შეეცდება, სააგენტოსთვის ცნობილია ამ პირთა მონაცემები და მისი მოძიება მარტივად მოხდება, რაზეც გერმანული მხარე - შრომის ფედერალური სააგენტო იზრუნებს და მას ელის დეპორტირება. ეს კი ნიშნავს, რომ ეს პირები ამ პროგრამაში შემდგომში ვეღარ ჩაერთვებიან.
შეგახსენებთ, რომ დასაქმების მსურველი უნდა იყოს 18-დან 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს საქართველოში, ასევე, არ უნდა იყოს დეპორტირებული, არ უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დარღვევა. სასურველია ჰქონდეს სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება, საჭიროა, უცხო ენის საბაზისო ცოდნაც. შესაძლებელია ისიც, რომ დასაქმებულთა ჯგუფში იყოს ენის მცოდნე ერთი პირი, რომელიც მას დამსაქმებელთან კომუნიკაციაში დაეხმარება. მგზავრობის ხარჯებს დასაქმებული ფარავს. ამასთან, დასაქმების მსურველმა გამგზავრებამდე 72 საათით ადრე უნდა ჩაიტაროს კორონავირუსზე PCR-ტესტი. გერმანიაში ჩასვლისას, დასაქმებულს აეროპორტში ხვდება დამსაქმებლის წარმომადგენელი, რომელიც მის სამუშაო ადგილამდე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
ერთ საათში მინიმალური ხელფასი 9.5 ევროს შეადგენს, აქედან 5% არის საშემოსავლო გადასახადი. ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯს დამსაქმებელი ფარავს. დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებულის საცხოვრებელი პირობები სამუშაო ადგილთან ახლოს, თუმცა ქირის საფასურს დასაქმებული იხდის. ასევე, კვების ხარჯი შესაძლოა დამსაქმებელმა გასწიოს, რასაც შემდგომ დასაქმებული ფარავს.
სამუშაო მოიცავს რვასაათიან სამუშაო დღეს, შეთანხმების შემთხვევაში კი შესაძლოა იყოს 10 საათიც.
გერმანიაში დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია უფასოა და შესაძლებელია პორტალზე - workabroad.moh.gov.ge. განაცხადის დაფიქსირება მსურველებს მთელი წლის განმავლობაში შეუძლიათ.