საზოგადოება
23.02.2021 11:29
საქართველოდან 13 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა - პროდუქციის 90 %-ს შიდა ქართლში მოსული ვაშლი შეადგენს

2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 2021 წლის 21 თებერვლამდე პერიოდში, საქართველოდან,  13 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა,  რომლის ღირებულებამ 5,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. GMnews - ის ინფორმაციით,  ეს რიცხვი რეკორდულია უკანასკნელი 20 წლის (მარკეტინგული წლები) მაჩვენებლების მიხედვით. ექსპორტირებული პროდუქციის 90 %-ს შიდა ქართლში მოსული ვაშლის მოსავალი შეადგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 13-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 5 მლნ აშშ დოლარითაა გაზარდილი.

მიმდინარე წელს, ვაშლის ექსპორტი ძირითადად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (12,5 ათასი ტონა). რუსეთის ფედერაციის გარდა, ქართული ვაშლი, ასევე, გავიდა  ყაზახეთში, სომხეთში, უნგრეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.

რაც შეეხება ფერმერებისთვის ამ მიმართულებით გაწეულ მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან, გეტყვით, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები 1 128 ჰექტარზეა გაშენებული. სოფლის მეურნეობის სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელის მამუკა ლომსაძის თქმით, აქედან, 700 ჰექტარი პროგრამის - „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, შიდა ქართლში გაშენდა.

კვირის ამბები