საზოგადოება
22.02.2021 10:32
პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას კენჭს დღეს უყრის

საქართველოს პარლამენტი დღეს მთავრობის ახალ შემადგენლობას კენჭს უყრის. სესიამდე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი და მინისტრობის კანდიდატები ფრაქციის ფორმატში „ქართულ ოცნებას“ შეხვდებიან. ოპოზიციის წარმომადგენლებმა უარი თქვეს ფრაქციის ფორმატში მთავრობის ახალ შემადგენლობასთან შეხვედრაზე. საპარლამენტო უმცირესობის თქმით, შეკითხვებს სესიაზე დასვამენ.

განახლებულ მინისტრთა კაბინეტში რამდენიმე ცვლილებაა: პრემიერობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილია, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია ჯუანშერ ბურჭულაძე. მაია ცქიტიშვილის ჩანაცვლებას კი, მისი პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე აპირებს. ყველა სხვა მინისტრი თანამდებობაზე რჩება.

მინისტრთა ახალი კაბინეტის დასამტკიცებლად, 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

პარლამენტში დღესვე განიხილავენ 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამას, სახელწოდებით - „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის".

 

შეგახსენებთ, გუშინ დეპუტატების წინაშე ექვსი კანდიდატი წარსდგა, მათ შორის, ძალოვანი უწყებების პირველი პირები. პროგრამის გასაცნობად კანდიდატებს 20-20 წუთი ჰქონდათ, შემდეგ კი, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

 

 

 

 

 

 

კვირის ამბები