საზოგადოება
22.02.2021 10:15
სკოლებში დაცულია უსაფრთხოების წესები, მიმდინარეობს თერმოსკრინინგი და დაწესებულებები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით - მამუკა საღარეიშვილი

„საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და  განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია“, - აღნიშნულის შესახებ შიდა ქართლში სახელმწიფორ რწმუნებულმა მამუკა საღარეიშვილმა სოფელ ტყვიავის  საჯარო სკოლის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

მამუკა საღარეიშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის საჯარო სკოლას ესტუმრა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო. აღნიშნული სკოლის შენობას რეაბილიტაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროგრამის ფარგლებში ჩაუტარდა და ამ დროისთვის, სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. 

პედაგოგებთან და მოსწავლეებთან შეხვედრისას სახელმწიფო რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას უსაფრთხოების ნორმებისა და რეკომენდაციების დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.

„კორონავირუსის პანდემიამ საგანმანათლებლო სფეროში (და არამხოლოდ) ბევრი გამოწვევა და სირთულე წარმოშვა, თუმცა, პირველი თებერვლიდან შიდა ქართლის რეგიონის საჯარო და კერძო სკოლებში სწავლის პროცესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. ამ დროისთვის, სასწავლო დაწესებულებებში დაცულია უსაფრთხოების წესები, ყველა სკოლაში მიმდინარეობს თერმოსკრინინგი და საგანმანათლებლო დაწესებულებები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით“,  - აღნიშნა მამუკა საღარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე, 2 კვირაში ერთხელ, მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს სავალდებულო ტესტირება უტარდება.

კვირის ამბები