პარლამენტის მაჟორიტარი წევრი გორისა და კასპის ოლქიდან გიორგი ხოჯევანიშვილი რეგიონებზე სახელმწიფო პროექტების პროპორციულად გადანაწილების საკითხს აყენებს. ამის შესახებ ხოჯევანიშვილმა მინისტრობის კანდიდატებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
ხოჯევანიშვილმა გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას და ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილს და იმედი გამოთქვა, რომ ღარიბაშვილის გუნდი უფრო მეტად ეფექტური იქნება.
,,ბატონ ირაკლის ვუსურვებ წარმატებებს, დარწმუნებული ვარ, რომ მისი გუნდი იქნება უფრო მეტად ეფექტური და კიდევ უფრო მეტი წინ გადადგმული ნაბიჯი გვექნება", - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა, საკომიტეტო მოსმენაზე კი ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების წინაშე რეგიონებზე სახელმწიფო პროექტების პროპორციულად გადანაწილების წინადადება დააყენა.
,,რეგიონული პოლიტიკის კომიტეტში ხშირად ვმსჯელობთ რეგიონების გათანაბრების საკითხზე, შესაძლებლობის გათანაბრებას ვგულისხმობ. ხომ არ იფიქრებდით, ამ პროექტების რეგიონების მიხედვით განაწილებაზე, მე შემოგთავაზებდით არა მარტივი არითმეტიკით 9 რეგიონზე განაწილებას, არამედ, მაგალითად - რეგფონდების პრინციპით, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს. არსებობს გარკვეული ფორმულა, რომელიც ყველა პრინციპის გათვალისწინებით ხდება რეგიონებზე გათვალისწინება და ამ პრინციპით ხომ არ გვეფიქრა სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროს თანხების გათვალისწინება", - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს, პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების საკომიტეტო მოსმენები მიმდინარეობს.