შეჩერებული სასწავლო პროცესის ფონზე, რამდენიმე თვეა, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს გადაწყვეტილებით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ყველა აღსაზრდელზე გათვალისწინებული საკვები პროდუქტები გარკვეული პერიოდულობით გაიცემა.
2021 წლის იანვრიდან, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს აღნიშნული პროდუქტების გაცემა აღარ განუახლებია. როგორც GMnews-ს სააგენტოს ხელმძღვანელმა განუმარტა, შესაბამისი შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერი ვერ შედგა და შეფერხებაც ამან გამოიწვია.
„სამწუხაროდ, ტენდერი ვერ შედგა და მეორედ მოგვიწია გამოცხადება. ამ დროისთვის ჯერ არ დასრულებულა და შესაბამისად, ვერ გეტყვით, რომელი კომპანია გაიმარჯვებს, თუმცა, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ იანვრის ნახევრისა (რადგანაც 15 იანვრამდე ქვეყანაში უქმე დღეები იყო გამოცხადებული, ეს პერიოდი ბაღში დასვენების დღეებად ითვლება) და თებერვლისთვის განკუთვნილ საკვებ პროდუქტებს სააგენტო აუცილებლად გასცემს. შეიძლება ეს პროცესი სწავლის განახლების შემდეგ დავიწყოთ, ყველაფერი ტენდერის შედეგებზეა დამოკიდებული“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლია კოვზიაშვილმა.