უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი პირველი მარტიდან განახლდება. აღნიშნული გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა რამდენიმე კვირის წინ გაახმოვანეს, თუმცა, ამ დრომდე არაფერი თქმულა ბაღის თანამშრომლების კოვიდტესტირებასთან დაკავშირებით.
GMnews დაინტერესდა, განიხილება თუ არა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლებისთვის კორონვირუსზე პერიოდული ტესტირება. როგორც გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი ლია კოვზიაშვილი განმარტავს, საკითხი განხილვის პროცესშია და კონკრეტული გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის.
„ჩვენი აღსაზრდელების და თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ეტაპობრივად მოხდეს თანამშრომლების გადამოწმება. ამ ეტაპზე, გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს, თუმცა, დავამატებ, რომ განვიხილავთ როგორც საბავშვო ბაღების პერსონალის, ასევე, ადმინისტრაციის ყველა თანამშრომლის ტესტირების საკითხს, ვინაიდან თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვა ცალსახად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ლია კოვზიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სკოლებში პირისპირ სწავლების განახლების პარალელურად, გარკვეული პერიოდულობით მიმდინარეობს პედაგოგებისა და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელთა კოვიდტესტირება.