გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში გარეგანათებების მოწყობა გრძელდება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, შესაბამისი სამუშაოები აღნიშნული მიმართულებით „სამოქალქალაქო ბიუჯეტი 2021“ - ის ფარგლებში განხორციელდება.
ახალუბანი, ქვეში, ახრისი, აძვი, მუმლაანთკარი, ჯარიაშენი, ციცაგიაანთკარი, ქვემო არცევი, ზეღდულეთი, ბერშუეთი, კირბალი, ზემო სობისი, ქვემო სობისი, ქვემო ხალასოფელი, ახალშენი, სვენეთი, ვარიანი, ახალდაბა, საქაშეთი, არაშნდა, ვარიანის მეურნეობა, ხიდისთავი, ხელთუბანი, ტყვიავი, ახალდაბა, მეღვრეკისი - GMnews-ის ინფორმაციით, ეს გორის მუნიციპალიტეტის იმ სოფლების ჩამონათვალია, სადაც მიმდინარე წელს გარეგანათების მოწყობა იგეგმება. აქედან, გარდა 3 სოფლისა - ტყვიავის, ახალდაბისა და მეღვრეკისისა, შესაბამისი სამუშაოები „სამოქალქალაქო ბიუჯეტი 2021“ - ის ფარგლებში განხორციელდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 496 350 ლარია. ტენდერის პირობების მიხედვით, წინადადებების მიღება 27 თებერვალს დაიწყება.
„2021 წელს, გორის მუნიციპალიტეტში, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 44 პროექტი განხორციელდება. მოგეხსენებათ, სამოქალაქო ბიუჯეტის მიზანი მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობაა ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში. პროგრამა, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს აძლევს ბიუჯეტის ფორმირების პროცესში ჩართვისა და საკუთარ უბანში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შერჩევის თანაბარ შესაძლებლობას,“- აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
ინფორმაციისთვის, ზემოხსენებული პროგრამის ბიუჯეტი, წელს, 2 980 000 ლარია.