საზოგადოება
18.02.2021 17:26
უმრავლესობის გუნდი მალე აღადგენს წესრიგს და წონასწორობას - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგსა და წონასწორობას, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანამ ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში გააგრძელოს ფუნქციონირება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებულმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერობის კანდიდატის თქმით, მისთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია, რომ დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ გახდეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.

„დღეს ჩვენთვის არის ემოციური დღე. მიუხედავად ამისა, გუნდმა სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თავმჯდომარეს და გუნდს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჩემი დასახელებისთვის. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და უდიდესი პატივი, რომ დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ ვიყო ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ჩვენი ქვეყნის წინაშე უამრავი გამოწვევაა - ​კოვიდპანდემია, უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე, მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა, რაც საჭიროებს სწრაფ გადაწყვეტილებებს და ამისთვის ყველანი ვართ მოწადინებულები. ჩვენ ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგსა და წონასწორობას, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანამ ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში გააგრძელოს ფუნქციონირება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კვირის ამბები