უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი პირველი მარტიდან განახლდება. აღნიშნული გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა რამდენიმე კვირის წინ გაახმოვანეს, თუმცა, მას შემდეგ საბავშვო ბაღების გახსნაზე აღარაფერი თქმულა. GMnews დაინტერესდა, ხომ არ განიხილება სწავლის დაწყების თარიღის ცვლილება, ან მზადყოფნაშია თუ არა სექტორი პირისპირ სწავლის განახლებისთვის.
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორის, ლია კოვზიაშვილის თქმით, გორის ყველა საჯარო ბაღი მზადაა სასწავლო პროცესის განახლებისთვის.
„ჩვენ ვმოქმედებთ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ვემზადებით სასწავლო პროცესის განახლებისთვის. სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფრასტრუქტურით და ისევე როგორც პირველ ჯერზე, ახლაც სასწავლო პროცესი დადგენილი რეგულაციების სრული დაცვით განახლდება“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას ლია კოვზიაშვილმა.
კითხვაზე - სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ იმოქმედებს თუ არა თავისუფალი დასწრების რეჟიმი - ლია კოვზიაშვილი განმარტავს, რომ თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, გეგმავს მშობლებისთვის აღნიშნული წინადადების შეთავაზებას, თუმცა, ამ ეტაპზე, საკითხი გორის მუნიციპალიტეტის მერთან არ განუხილავს.
„ჩვენი ინფორმაციით, მშობელთა დიდი ნაწილი აპირებს ბავშვების ბაღში მიყვანას, თუმცა, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ბევრი მათგანი თავის შეკავებას ამჯობინებს, თუმცა, არ უნდათ, რომ ამ გაცდენების გამო მათი შვილები ბაღიდან ამოირიცხონ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მშობლებს შევთავაზოთ თავისუფალი დასწრების რეჟიმი, ჩემი აზრით, ეს სამართლიანი მიდგომა იქნება მშობელთა ორივე კატეგორიისთვის. აქვე განვმარტავ, რომ საკითხი ჯერ არ განმიხილავს გორის მუნიციპალიტეტის მერთან და შესაბამისად, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის“, - განაცხადა ლია კოვზიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი შემოდგომით, სულ რამდენიმე კვირით განახლდა. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები დახურულია.