საზოგადოება
18.02.2021 12:36
მმართველი გუნდი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს სავარაუდოდ ხვალ დაასახელებს

სავარაუდოდ, ხვალვე შეიკრიბება პოლიტსაბჭო და დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მთავრობის ფორმირება დაიწყება და დასრულდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში. სავარაუდოდ, ხვალვე შეიკრიბება პოლიტსაბჭო და დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის თანახმად, პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე. პრემიერ-მინისტრის გადადგომის ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის შემთხვევაში მთავრობა განაგრძობს მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე.

პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. 

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენის ვადებს, საქართველოს კონსტიტუციის 56-ე მუხლის ჩანაწერის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში, არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკურ პარტიას ახალი პრემიერის კანდიდატის დასახელებისთვის ცხრა დღე აქვს.

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს.

კვირის ამბები