ვმსჯელობთ, რომ კვების ობიექტების შიდა სივრცეებში ერთ მაგიდასთან შეიძლება იყოს ოთხი ადამიანი, ხოლო გარე სივრცეში ექვსი, – ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ ეკონომიკის სამინისტროში სარესტორნო ბიზნესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ფერაძის თქმით, მსჯელობა მიმდინარეობს იმაზეც, რომ კვების ობიექტებში ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობის დაშვება განისაზღვროს ობიექტის ფართობის მიხედვით, რათა რესტორნებში არ გაიმართოს სოციალური ღონისძიებები.
„ღია სივრცეების გახსნის პროცესი საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს, ხორციელდება რეკომენდაციების დაცვა, თუმცა სოციალური ღონისძიებების გამართვის თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები კვლავ ფიქსირდება ამ სექტორში. ახლა ჩვენ გვქონდა სამუშაო შეხვედრა. ასევე, მიმდინარე კვირაში ვგეგმავთ შეხვედრას უშუალოდ რეგულაციებთან დაკავშირებით და ვიმსჯელებთ, რა შეიძლება იყოს დამატებითი შემზღუდავი ღონისძიება, რომელიც ბიზნესის გახსნის შემდგომ, უზრუნველყოფს მათ ეკონომიკურ მდგრადობას“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის თქმით, კვების ობიექტებში რეგულაციების დაცვა მკაცრად გაკონტროლდება, რათა კვლავ შეზღუდვების დაწესება არ გახდეს საჭირო. ამასთან, მისივე ინფორმაციით, კვების ობიექტებს, ბაზრობებისა და მოლების მსგავსად, თანამშრომელთა ტესტირება მოუწევთ.
„მონიტორინგის მექანიზმი იქნება საკმაოდ გამკაცრებული და როგორც შრომის ინსპექცია, ასევე შსს, სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში, რათა მაქსიმალური კონტროლი იყოს და არ მოგვიწიოს კვლავ დახურვებზე ან შეზღუდვებზე შემდგომში მსჯელობა. რაც შეეხება სავალდებულო ტესტირებას, ეს არის როგორც რესტორნის თანამშრომლებისთვის გადადგმული ნაბიჯი, ასევე ეს არის ზრუნვა თითოეულ მომხმარებელზე, რომელიც ამა თუ იმ ობიექტზე მივა“, - აღნიშნა ფერაძემ.