საზოგადოება
17.02.2021 11:56
ინტენსიური თოვის მიუხედავად ქალაქის ქუჩებზე პრობლემა არ შექმნილა - ბაჩანა გვიანიშვილი

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსულ თოვლს რომ გადაადგილების პრობლემა არ შეექმნა, საავტომობილო გზებზე ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, - ამის შესახებ GMnews-ს ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ბაჩანა გვიანიშვილმა განუცხადა.

გვიანიშვილის ინფორმაციით, სააგენტოს თანამშრომლები გზების ტექნიკური მარილით დამუშავებისა და გზის საფარის გაწმენდის სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ და შესაბამისი ღონისძიებები ამ ეტაპზეც გრძელდება.

„წუხელ მოსული ნალექის გამო, ქალაქის ქუჩებზე პრობლემა არ შექმნილა. ჩვენი სააგენტო მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა და საპატრულო პოლიციის რეკომენდაციით, მარილის მოყრის სამუშაოები ქალაქის მასშტაბით, ყველა უბანში მიმდინარეობდა და ამ ეტაპზეც გრძელდება. როგორც წესი, გზის საფარის ტექნიკური მარილით დამუშავების შემდეგ, გარკვეულ პერიოდში რეკომენდებულია გზის მარილის ნარჩენებისგან გაწმენდა. ჩვენი თანამშრომლები სამუშაოებს წესების დაცვით ახორციელებენ და ამინდის შესაბამისად, საჭიროების მიხედვით მიმდინარეობს ქალაქის ქუჩების გაწმენდა. ამავდროულად, სააგენეტოს შესაბამისი განყოფილების წარმომადგენლები მზად არიან მოსალოდნელი დაბალი ტემპერატურით გამოწვეული სირთულეების გადასაჭრელად და მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში დაანონსებული ყინვების გათვალისწინებით, შესაბამისი ტექნიკური ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ, რომ თოვლისა და ყინვის გამო, ქალაქის მასშტაბით, მძღოლებსა და ქვეითებს გადაადგილების პრობლემა არ შეექმნათ“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას ბაჩანა გვიანიშვილმა.

კვირის ამბები