ადგილობრივმა ხელისუფლებამ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
როგორც GMnews-ისთვის ცნობილია, საერთო კრებები და საკონსულტაციო ღონისძიებები გორის მუნიციპალიტეტის 115 დასახლებაში ჩატარდება.
აღნიშნული ფორმატის შეხვედრა, დღეს, გორის მუნიციპალიტეტის მერმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ზემო ნიქოზში გამართეს. კონსტანტინე თავზარაშვილი და მამუკა საღარეიშვილი ადგილობრივებს შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს. მოსახლეობის გადაწყვეტილებით, ზემო ნიქოზში გარე განათების დასრულება დაიგეგმა.
ცნობისთვის, მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის, 2021 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 1 596 000 ლარია გამოყოფილი. საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტებია: სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.), სარწყავი სისტემები, სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი სამუშაოები, გზები და გზისპირა მოსაცდელები, ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები, გარე განათება, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი, ამბულატორიის შენობები, სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი, სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით, წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი, მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრები 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.