საზოგადოება
15.02.2021 16:55
გამოჯანმრთელებული ცოლ-ქმარი - 91 წლის ვალერიან შაკიაშვილი და 87 წლის ნუნუ შაკიაშვილი ,,გორმედის" კოვიდკლინის პერსონალმა ტორტით და ყვავილებით გააცილა

ოცდღიანი მკურნალობის შემდეგ, სამედიცინო ქსელ ,,გორმედის" გორის კოვიდკლინიკა ასაკოვანმა ცოლ-ქმარმა დღეს დატოვა.

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ ცოლ-ქმარს - 91 წლის ვალერიან შაკიაშვილს და მის მეუღლეს, 87 წლის ნუნუ შაკიაშვლს მკურნალობა 27 იანვრიდან უტარდებოდა. ნუნუ შაკიაშვილის მდგომარეობა მძიმე იყო, კლინიკაში შეყვანისას მას ფილტვების 70%-იანი დაზიანება აღენიშნებოდა.

,,ორივე პაციენტს, 91 წლის ვალერიან შაკიაშვილს და 87 წლის ნუნუ შაკიაშვილს  27 იანვრიდან უტარდებოდა მკურნალობა ჩვენს კლინიკაში, ქალბატონის მდგომარეობა იყო მძიმე, ფიქსირდებოდა ფილტვის ქსოვილის 70%-იანი დაზიანება, მოთავსებული იყო ინტენსიური თერაპიის ბლოკში და მკურნალობის შედეგად მდგომარეობა დასტაბილურდა, პნევმონია გაწოვის ფაზაშია და პარამეტრები დამაკმაყოფილებელია. ამავდროულად, აღნიშნული პაციენტი ინსულტგადატანილია, იყო გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია, თუმცა, შევძელით და ამჟამად ორივეს მდგომარეობა სტაბილურია. ასაკოვანმა პაციენტებმა კლინიკა დატოვეს", - განაცხადა ,,გორმედის" კოვიდკლინიკის ექიმმა თერაპევტმა მაია წიქარიძემ.

ვალერიან შაკიაშვილი მშენებელი ინჟინერი იყო, ათწლეულების განმავლობაში, გორში, კასპში, ბორჯომსა და ცხინვალში მისი ხელმძღვანელობით არაერთი შენობაა აშენებული. მისი მეუღლე, ნუნუ შაკიაშვილი კი ქიმიკოსია, რომლის ერთ-ერთი სამეცნიერო გამოგონება ავიაციაშია დანერგილი.

ამ ეტაპზე, ,,გორმედის" ქსელის გორის კოვიდკლინიკაში 28 პაციენტი რჩება, მათგან ორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

კვირის ამბები