საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის შემსუბუქებაზე ან გაუქმებაზე მსჯელობა ჯერ არ მიმდინარეობს. როგორც მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ ნაბიჯს წინ ძალიან დიდი ანალიზი უნდა უძღოდეს.
ნათია თურნავას განცხადებით, არის სფეროები, რომლებზეც საკოორდინაციო საბჭო პირველ რიგში იმსჯელებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ერთმა გაუფრთხილებელმა ნაბიჯმა შეიძლება, ისევ პრობლემა შექმნას.
„ერთ-ერთი ყველაზე წონადი ღონისძიება, რაც ჩვენ საბჭოს გადაწყვეტილებით განვახორციელეთ ნოემბერში, როდესაც დავაწესეთ ეს წერტილოვანი შეზღუდვები, იყო ღამის საათების შეზღუდვა. არ დავარქმევდი ამას კომენდანტის საათს, ის გაცილებით უფრო მკაცრი რამ არის. სწორედ ამ გადაწყვეტილების, ამ ზომის გამო, ჩვენ დღეს შეგვიძლია, ვილაპარაკოთ შემსუბუქებაზე და ცალსახად ვთქვათ, რომ ეს იყო ისეთი ამკრძალავი ზომა, რომელმაც სხვა ქვეყნებშიც და მათ შორის, საქართველოშიც მოგვცა პოზიტიური ეფექტი. რა თქმა უნდა, მის შემსუბუქებაზე ან გაუქმებაზე მსჯელობას წინ ძალიან დიდი ანალიზი უნდა უძღოდეს, რადგან არ შეიძლება, ყველაფერი ერთად შევამსუბუქოთ. ჯერჯერობით ამაზე მსჯელობა არ არის, ჩვენ ვმსჯელობთ შემდეგ ნაბიჯებზე, დარჩა ჯერ კიდევ ბიზნეს სექტორები, სადაც ჩვენ არ შეგვიმსუბუქებია მიდგომა და კვლავ ვერ გავხსენით საბავშვო ბაღები, ფიტნეს ინდუსტრია და სპორტული ობიექტები. პირველ რიგში, ვიმსჯელებთ ამ სფეროებზე, ასევე საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე. ხოლო ღამის საათების შეზღუდვას სავარაუდოდ უფრო მოგვიანებით მოვიტოვებთ. ნუ ვიჩქარებთ, რადგან შეიძლება, ერთმა გაუფრთხილებელმა ნაბიჯმა შემდეგ პრობლემა შექმნას და გვაიძულოს, უკან გამოვითხოვოთ, რაც ძალიან არ გვინდა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.