კონფლიქტები
15.02.2021 11:55
ოკუპირებული ცხინვალის საპყრობილეში მყოფი ზაზა გახელაძე თორმეტწლიანი პატიმრობის განაჩენის გასაჩივრებას არ აპირებს

ცხინვალის საპყრობილეში მყოფი ზაზა გახელაძე, რომელსაც დე ფაქტო რეჟიმის ე.წ.  სასამართლომ 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აღნიშნული განაჩენის გასაჩივრებას არ აპირებს - ამის შესახებ გახელაძის მეუღლემ, ირმა ბუთხუზმა განაცხადა.

,,გუშინ გვესაუბრა ადვოკატი ტელეფონით და გვითხრა, რომ ზაზა გასაჩივრებას არ აპირებს. ბუნებრივია, ვკითხე, რა იყო ამის საფუძველი, მაგრამ ამაზე არაფერი უთქვამს, ჩვენთვის უცნობია, ვერაფერს ვერ ვიტყვით ამის შესახებ. ადვოკატმა გვითხრა ის, რომ ამ ეტაპზე ზაზას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და თავს ნორმალურად გრძნობს", - განაცხადა ზაზა გახელაძის მეუღლემ ირმა ბუთხუზმა.

33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).

კვირის ამბები