გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, ყველა საჯარო სკოლა უზრუნველყოფილია სადეზინფექციო ხსნარებით და შესაბამისი ინვენტარით.
ამასთან, როგორც GMnews-თან საუბრისას გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, სკოლის შენობის დეზინფექცია და სველი წესით დალაგება პროტოკოლის მიხედვით ხორციელდება.
„ყველა საჯარო სკოლა უზრუნველყოფილია სადეზინფექციო ხსნარებით და შესაბამისი ინვენტარით. შესაბამისად, სკოლის შენობის დეზინფექცია და სველი წესით დალაგება პროტოკოლის მიხედვით ხორციელდება. ბავშვებისა და დასაქმებული პერსონალის ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროსა და ეპიდემიოლოგების მიერ შემუშავებული რეგულაციების შესრულებაზე მიმდინარეობს კონტროლი.
გეტყვით ასევე, რომ სკოლებს აქვთ პირბადეების ლიმიტირებული მარაგიც და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოსწავლეს დაავიწყდება, დაუზიანდება ან სხვა მიზეზის გამო არ ექნება პირბადე, სკოლა უზრუნველყოფს მას სამედიცინო ნიღბით. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მოსწავლეს ყოველდღიურად დაურიგდება პირბადეები“, - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მეხუთედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულოა.
ამასთან, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მოსწავლეების პირბადით უზრუნველყოფა მშობლების მოვალეობაა, თუმცა, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის, სკოლებს გარკვეული მარაგი გადაეცა.