მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა–ლოცვა მიმდინარეობს. მირქმა - ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია. იუდეველთა სჯულის მიხედვით, ებრაელებს ევალებოდათ, რომ ოჯახში შობილი პირველი შვილის, ბიჭის სახელზე, დაბადებიდან მე-40 დღეს ტაძარში შესაწირავი მიეტანათ და ახალშობილი მიეყვანათ. ამის აღსასრულებლად ყრმა იესო მარიამმა და იოსებმა იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. ამ დროს იერუსალიმში ცხოვრობდა მოხუცი, სამ ასწლეულს გადაცილებული სვიმეონი, რომელსაც არ სწამდა ქალწულისგან მხსნელის შობის შესახებ, თუმცა მას ანგელოზისგან ეცნობა, რომ არ მოკვდებოდა, ვიდრე ქრისტეს არ იხილავდა. სვიმეონმა იხილა ტაძარში მიყვანილი ახალშობილი ქრისტე, ჩაიკრა გულში და წარმოსთქვა: „აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით. აი, დადგა ჟამი ჩემი განსვენებისა რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი".
,,სასურველია, მირქმის დღეს, თითოეულ ოჯახში ბავშვებმა დალოცონ მშობლები და მშობლებმა - შვილები და ერთმანეთში გაცვალონ ანთებული სანთლები, ახალშობილ იესოს და წმ. სვიმეონ მიმრქმელს შეავედრონ გარდაცვლილი წინაპრები, ახლობლები და წყალობა სთხოვონ საკუთარი თავის, ოჯახისა და სამშობლოსათვის“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეკლესიამ 544 წელს დაადგინა, რომ მირქმა (მიგებება) უფლისა ღვთისა საზეიმოდ აღენიშნათ.