რამდენიმე წუთის წინ, ცხინვალის იზოლატორი დატოვა საქართველოს მოქალაქემ, 20 წლის ერიკ დრულევმა. ერიკ დრულევი გორის მცხოვრებია და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებული ტერიტორიის სიახლვეს, 5 თებერვალს დააკავეს.
ერთკვირიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად, დრულევმა ოკუპირებული ტერიტორია დატოვა. იგი, ამ წუთებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის და შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებან ერთად უკვე იმყოფება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
შეგახსენებთ, რომ ერიკ დრულევი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2021 წლის 5 თებერვალს, საქართველო-რუსეთის საზღვრის როკის გვირაბის მონაკვეთზე, უკანონოდ დააკავეს.
„ერიკ დრულევის უკანონოდ დაკავების მომენტიდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოხდა „ცხელი ხაზის“ გააქტიურება, რის ფარგლებშიც საოკუპაციო რეჟიმთან მიმდინარეობდა მუდმივი კომუნიკაცია. პროცესში აქტიურად ჩაერთო საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მიმართულებით“, - აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.